ლაზერულ სირბილში, ბიატლსა და ტრიატლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა მედლები მოიპოვეს

თურქეთში ლაზერულ სირბილში, ბიატლსა და ტრიატლში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

იუნიორების კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ცხადაძემ ლაზერულ სირბილში სამკილომეტრიანი დისტანცია (5X600 მ) დაფარა, ოთხჯერ ისროლა 10-მეტრიანი დისტანციიდან მიზანში, ეს ყველაფერი 10:27:99 წამში შეძლო და  ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ამავე დისციპლინის 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი ვახტანგ კანკიამ, ირაკლი მამსირაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს.

გუნდურ ესტაფეტაში იუნიორების ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ცხადაძე და დავით დონაძე, მათ 3600 მეტრი (3X600 მ) დაფარეს, ორ-ორჯერ ისროლეს 10 მეტრიდან მიზანში  და საუკეთესო შედეგი – 12:28:21 წამი დააფიქსირეს.

15-წლამდელების ასაკობრივ კატეგორიაში კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ირაკლი მამსირაშვილი და ილია ჭავჭავაძე, მათ 2400 მეტრი (2X600) დაფარეს, ორ-ორჯერ ისროლეს 5-მეტრიანი დისტანციიდან მიზანში და 08:51:72 წამი დააფიქსირეს.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.