ვარშავაში HoReCa სექტორის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის People PR ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთის დედაქალაქში გაიმართა.

ღვინის ეროვნულო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას პროფესიონალები HoReCa (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) სექტორიდან, მათ შორის, ვარშავის მიშელინის ვარსკვლავის რესტორნებიდან და სომელიეები, ჯამში, 40 სტუმარი დაესწრო.

ღონისძიება მოიცავდა სემინარს ქართული ღვინის კულტურისა და პოლონეთში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობის შესახებ, დეგუსტაცია-მასტერკლასს ქართული ღვინის შეხამებაზე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსთან. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ცხრა ღვინო. ქართული ღვინის წარდგენას უძღვებოდნენ სომელიე, იმპორტიორი და სერტიფიცირებული ჰორეკა ტრენერი შიმონ მილონასი და მიშელინის ერთ-ერთი რესტორნის სომელიე იან კნაბერი.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მცირე ფორმატის Walk-around დეგუსტაცია, რომელსაც ესწრებოდა პოლონეთში ქართული ღვინის ექვსი იმპორტიორი.

ქართული ღვინის წარდგენის მხარდამჭერი იყო პოლონეთის სომელიეთა ასოციაცია.