ალიკანტეს არქეოლოგიურ მუზეუმში უძველესი წარმომავლობის ღვინის ქვეყნების კონგრესი ტარდება

მიმდინარე წლის 29-31 ოქტომბერს, ქ.ალიკანტეს არქეოლოგიურ მუზეუმში უძველესი წარმომავლობის ღვინის ქვეყნების კონგრესი ტარდება, რომელზედაც მსოფლიოს 17 ქვეყანა არის წარდგენილი.

ალიკანტეს ქართული სახლის ინფორმაციით, კონგრესი გახსნა ქ. ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ცივილიზაციების დეპარტამენტის პროფესორმა, სტივენ ბატიუკმა მოხსენებით თემაზე: საქართველო – ღვინის სამშობლო და ღვინის უძველესი ისტორია.

მან ისაუბრა, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ, მისი უძველესი ისტორიისა და განვითარების თაობაზე; საქართველოს როლზე, ღვინის კულტურის ახლო აღმოსავლეთში და შემდგომში ევროპის კონტინენტზე, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გავრცელების საქმეში.

კონგრესის მუშაობაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით მონაწილეობას იღებენ ქ. ალიკანტეს დიასპორული ორგანიზაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“-ს ხელმძღვანელი, მანანა გოგოლაძე და ესპანეთის სამეფოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს დიდი მეგობარი, ბატონი ფელიპე მარტინესი.

მოხსენების დასრულების შემდეგ, შედგა შეხვედრა ბატონ სტივენ ბატიუკთან. ქალბატონმა მანანა გოგოლაძემ გადაუხადა დიდი მადლობა საქართველოს შესახებ მიძღვნილი პრეზენტაციის თაობაზე და პატივისცემის ნიშნად, გადასცა მას ქართული ღვინოების გამორჩეული ნიმუშები,რომლებიც სპეციალურად,ამ დღისთვის გამოაგზავნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ბარსელონაში, ბატონმა ბექა ზარანდიამ.