ალექსანდრე ვაშაყმაძემ და თამარ ჩხიკვაძემ თავიანთი ნამუშევრები ფლორენციის XV ბიენალეზე წარადგინეს

ქართველმა მხატვრებმა – ალექსანდრე ვაშაყმაძემ და თამარ ჩხიკვაძემ თავიანთი ნამუშევრები ფლორენციის XV ბიენალეზე წარადგინეს. წელს ბიენალეს ძირითადი  თემა იყო „შუქისა და სიბნელის ამაღლებული არსი: დუალიზმისა და ერთიანობის ცნებები თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინში“.

ფლორენციის XV ბიენალე ისტორიულ ციხესიმაგრეში, ქალაქის კულტურულ ცენტრში – Fortezza da Basso-ში გაიმართა.

ბიენალე ფლორენციაში 1997 წლიდან ტარდება. წელს ღონისძიებაში 84  ქვეყნიდან  500-ზე მეტი მხატვარი და დიზაინერი მონაწილეობდა.

ბიენალეში ქართველი არტისტების მონაწილეობა თანამედროვე კულტურულ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობასა და საერთაშორისო არენაზე გასვლასა და დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.