შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის, 500 მილიონამდე წვდომა დააგროვა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა ვიქტორია მელნიჩუკმა აიღო.
“მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 200 მილიონს გადააჭარბა. მეორე ადგილზე კონტენტ-კრეატორი ამირან ზარქუა გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 70 მილიონამდე წვდომა დააგროვა. მესამე ადგილი მოგზაურმა ფოტოგრაფმა ზურა გელაშვილმა ( 47 627 267 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა (38 256 846 წვდომა) დაიკავეს.
საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე ინფლუენსერებს სასტუმროებმა „კასტელო მარე“, „ქორთიარდ მერიოტი“, „ჰოუმი“, “მონარქი”, “ვაიო რეზორტი” და კომპანიებმა “აჭარა ტური”, “Royal Travel”, “ამბასადორი აილენდ ბათუმი”, „ტურ ინვესტი“, „ნოვა“, „ლიდერჰაბი“. მათი რჩეულები კონტენტ-კრეატორები ლუკა ზარქუა, ხვიჩა ასამბაძე, ირმა ირემაძე, ჯაბა გოგიტიძე, ვიქტორია მელნიჩუკი გახდნენ. აჭარის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კამპანიის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
წელს, კამპანიაში 40-მდე კონტენტ კრეატორი დარეგისტრირდა, თუმცა ყველაზე კარგი შედეგები იმ კონტენტ-კრეატორებმა აჩვენეს, რომლებიც აქტიურად მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. შედეგად, მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 6000-მდე პოსტი გამოაქვეყნეს, მათმა კონტენტმა კი გასულ წელთან შედარებით 260 მილიონით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 400-მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია.
კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და შიდა ტურისტებს გააცნეს აჭარის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები. 2023-ში კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, წელსაც აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა”, – წერია ინფორმაციაში.