თელავში ყოველწლიური, ყველაზე გემრიელი და მხიარული ფესტივალი – „ჭაჭა ფესტი 2025“ მიმდინარეობს

25 ოქტომბერს, ერეკლე მეფის მოედანზე, კახეთი აერთიანებს ტრადიციებს, გემოს და მუსიკას ერთ დიდ დღესასწაულში.

ფესტივალზე გაიმართება ქართული ჭაჭის მწარმოებლების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მონაწილეობენ როგორც პროფესიული კომპანიები, ასევე ოჯახებში დამზადებული ჭაჭის ავტორები.

მესაქონლეები, გლეხები და მცირე მარნები გაგიზიარებენ თავიანთ უნიკალურ ნამუშევრებს და დაგაგემოვნებინებენ ჭაჭის ნამდვილ კახურ არომატს.

ფესტივალის კიდევ ერთი მთავარი მომენტია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის შეჯიბრება – ვინ უფრო უკეთ წარმოაჩენს საკუთარ კუთხეს, ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობას.

თითო მუნიციპალიტეტი მოაწყობს საკუთარ სივრცეს — სუფრის გაშლით, მწვადის შეწვით, ფოლკლორით და კახური განწყობით.

დღის ბოლოს სპეციალური ჟიური გამოავლენს საუკეთესო ჭაჭის ნიმუშებს – ცალკე ოჯახურ და ცალკე საწარმოო კატეგორიაში და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით.

ფესტივალს დახურავს ნინო ჩხეიძე თავისი სოლო კონცერტით.