ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც იტალიაში გაიმართა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროს განვითარება მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„ჩვენი ქალაქის ეს მნიშვნელოვანი აღიარება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ტურიზმის სფეროს განვითარება და მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ტურიზმი არა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობის წარმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა.

ჩვენი ისტორია, ტრადიციები და ღირებულებები განსაკუთრებულს ხდის ჩვენს ქვეყანას. მჯერა, რომ ამ ფასეულობების შენარჩუნებასთან ერთად, შევძლებთ რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე და ზოგადად ქვეყნის შესაძლებლობების წარმოჩენაზე დადებითად აისახება,” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ აჭარის მთავრობის წევრები, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი.

World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.