შვეიცარიელი და ფრანგი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სწავლობენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავიაკომპანია easyJet-თან თანამშრომლობას აგრძელებს. ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიაში პოპულარული სამოგზაურო გამოცემების Pichon Voyageur  ჟურნალისტები საქართველოს  ეწვივნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფრანგმა და შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ტურისტულად საინტერესო ადგილები და  საქართველოს რეგიონები მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს კულტურას, ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულინარიასა და ღვინოს.

“ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა საქართველოში. ზოგჯერ ერევათ  ერთმანეთში საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია. ამიტომ, ჩამოსვლამდე ჩემს გონებაში წარმოვიდგინე, როგორი შეიძლება ყოფილიყო საქართველო. ძალიან გავოცდი,  ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თქვენ ასეთი მთები გექნებოდათ. ვერ წარმოვიდგენდი ასეთ მშვენიერ პეიზაჟებს, ვენახებს, ღვინოს და განსაკუთრებით  საოცარ კერძებს. ასე რომ, როცა ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები, სხვადასხვა ჟურნალისთვის უნდა დავწერო სტატიები საქართველოს შესახებ. სტატიების ნაწილი გასტრონომიაზე იქნება ორიენტირებული, ზოგი — ცხოვრების სტილზე, სხვები კი კულტურაზე”,- ამბობს Pichon Voyageur -ის ჟურნალისტი.

პრესტურის მიზანია შვეიცარიასა და საფრანგეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი EasyJet-თან თანამშრომლობას უკავშირდება. კამპანია მოიცავს მედიატურებს, სტატიების მომზადებას სოციალურ ქსელებში, ციფრულ და ბეჭდურ გამოცემებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.