მწერალთა სახლისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები პროექტის „უცნობი ქართული ხელნაწერები ნეაპოლში“ ფარგლებში იტალიის ქალაქ ნეაპოლს სტუმრობენ.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პროექტი „უცნობი ქართული ხელნაწერები ნეაპოლში“ გახლავთ ერთგვარი გაგრძელება 2023 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით არსებული პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმისა, რომელიც დოკუმენტალისტ თამარ მახარაძის მიერ ნეაპოლის ბიბლიოთეკაში მოძიებულ, ფართო საზოგადოებისათვის უცნობ ქართულ კოლექციას ეძღვნებოდა.
„აღნიშნული კოლექცია საქართველოში იტალიელ მისიონერთა ბოლო თაობის წარმომადგენელს, ბერნარდე ნეაპოლელს ეკუთვნოდა. ის გახლავთ მეჩვიდმეტე საუკუნის მოღვაწე. საქართველოში ცხრაწლიანი სამისიონერო საქმიანობის შემდეგ ბერნარდე ნეაპოლელი მშობლიურ ნეაპოლში დაბრუნდა და კაპუცინთა ორდენის კუთვნილი მონასტრის წინამძღვარი გახდა. სწორედ ამ მონასტერში 1906 წელს ცნობილმა ავსტრიელმა ქართველოლოგმა ჰუგო შუხარტმა აღმოაჩინა მისი წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია, რომელიც მოიცავდა უნიკალურ მასალას საქართველოზე და არაერთ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ლიტერატურასთან, ისტორიულ დოკუმენტთან და პირად მიმოწერასთან ერთად, იყო ქართული ლიტერატურისა და ფოლკლორისტიკისათვის უმნიშვნელოვანესი კრებული, კერძოდ ბერნარდე ნეაპოლელის მიერ საქართველოში ჩაწერილი 12 ხალხური ზღაპარი.
ეს გახლავთ ქართული ფოლკლორისტიკის ნიმუშების შეგროვებისა და ჩაწერის პირველი შემთხვევა. საქართველოში ეს პროცესი ორი საუკუნის შემდეგ დაიწყო.
პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში გადამღები ჯგუფის იტალიაში ყოფნისას, ჯგუფის ხელმძღვანელს ქეთევან დუმბაძეს გაუჩნდა ბერნარდე ნეაპოლელის ქართული კოლექციის ციფრულ მატარებლებზე გადატანის იდეა, რათა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰქონდეს ამ უნიკალური მასალების ციფრული ვერსიები. ასევე მნიშვნელოვანია წიგნად გამოიცეს ამ კოლექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა ქართულ ლიტერატურას არ დაეკარგოს უძველესი ქართული ზღაპრები.
ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად იტალიურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისათვის.
2025 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მოხდა ქართული ხელნაწერების გამოსყიდვა და გაციფრება.
გარდა ამისა, გამოიცემა ორი წიგნი − წიგნი-ალბომი წინასიტყვაობითა და კომენტარებით, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან დოკუმენტებს, მიმოწერას ისტორიულ პირებთან, იმ პერიოდის საქართველოს ყოფა-ცხოვრების ამსახველ საინტერესო ამბებს და სხვა მნიშვნელოვან მასალას. მეორე წიგნი კი იქნება 12 ზღაპარი, რომელიც გამოქვეყნდება, როგორც ხელნაწერი ძველქართული ვერსია, აგრეთვე თანამედროვე სალიტერატურო ენაზე ადაპტირებული ვერსია. ორივე გამოცემა ორენოვანი იქნება − ქართულ-იტალიური. გამოცემები გადაეცემა ნეაპოლის ბიბლიოთეკას და აქვე გაიმართება ორივე წიგნის პრეზენტაცია.
აღნიშნულ ბიბლიოთეკაში აგრეთვე გაიმართება დოკუმენტალისტ თამარ მახარაძის მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა ბერნარდე ნეაპოლელზე, რომელიც 7 ოქტომბერს შედგება. ამასთან ერთად, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ნეაპოლის სამეფო ბიბლიოთეკას შორის.
საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ნეაპოლის სამეფო ბიბლიოთეკაში გახსნიან ქართულ კუთხეს და ბიბლიოთეკას გადასცემენ ქართულ წიგნებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ნეაპოლის ბიბლიოთეკის კოლექციაში ქართული ლიტერატურაც მოხვდება.
ქართულ დელეგაციას შემოუერთდება ქალბატონი ნუნუ გელაძე, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებიდანვე ჩართული იყო პროექტში.
პროექტს კოორდინაციას უწევდა და უწევს ნეაპოლის მკვიდრი თამარ ბერიძე და საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან − დავით მექვაბიშვილი.
აგრეთვე, მრჩეველი საქართველოს საელჩოდან იტალიაში − ნინო გაგუა:, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.