4 მონაწილე და 4 ოქროს მედალი, – ქართველმა კუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი შედეგი დააფიქსირეს

ქართველმა კუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი შედეგი დააფიქსირეს – მათ 4 ოქროს მედალი მოიპოვეს.

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს პირველი მედალი მარიამ ნანავამ მოუტანა (-220). მარიამმა ფინალში იტალიელი ილარია აგრესტა დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. შეგახსენებთ, მარიამი  საქართველოდან პირველი ევროპის ჩემპიონია ქალთა შორის.

ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი ლევან დარასელია (-230), რაც ქართული კუდოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

18 წლის გიორგი ჟვანიამ  (– 240) ფინალში ბულგარელი რუსი ჰაძიევი დაამარცხა და უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

გიორგი ლომსაძემ (+270) სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ფინალში ბულგარელი ატანას ატანასოვი დაამარცხა და საქართველოს დელეგაციას ევროპირველობაზე მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია დავით ყოლბაია, მწვრთნელი მამუკა შონია.