ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ბრაზილიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „ProWine São Paulo“ მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ სან-პაულუში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWine São Paulo“ ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავს მასშტაბურ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.

გამოფენაზე „ProWine São Paulo“ იმყოფებოდა და ქართველ მეწარმეებს შეხვდა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ვასილ კუჭუხიძე.

საერთაშორისო ფორმატის „ProWine”გამოფენები წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ, მათ შორის, იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.„ProWine”-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფი მასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენები იმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონკონგში და სანპაულოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო „ProWein“-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული გამოფენის „ProWine Dusseldorf“ ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა.