საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა.
„კულტურის დღეები ანსამბლ “ერისიონის“ კონცერტით გაიხსნა. ანსამბლი სიმღერისა და ცეკვის პროგრამით – “ქართული საგანძური“ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპრეზიდენტო კომპლექსში, ბეშთეფეს კონგრესისა და კულტურის ცენტრში წარდგა. ამავე სივრცეში გამოფენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაულები.
დიქმენ ვადისის პარკის ამფითეატრში მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ ანსამბლები: “რირაში”, “კაფდაღი”, “ალილო” და ეთნო ჯაზ-ბენდი “ირიაო”.
ქართული კულტურის დღეებმა თურქეთში დიდი ინტერესი გამოიწვია და წარმატებით ჩაიარა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.