ამ ადამიანზე, რომელიც საბჭოურ სინამდვილეში ალბათ ჩამონტაჟებული კადრივით ჩანდა, რამდენიმე წლის წინ, ახალციხეში ყოფნის შემდეგ დავწერე. წარმოიდგინეთ დაახლოებით ასეთი სურათი: 70-იანი წლების საქართველო, ახალციხის ერთ ოჯახში ბავშვი დაიბადა. მეზობლებში უცნაური ჭორი გავრცელდა: ბავშვის აკვანს რკინის უცნაური კაცი არწევსო…
თავისი პირველი რობოტი დაშლილი ძრავების, ელექტრო და ტექნიკური საგნების სხვადასხვა ნაწილებისგან 1974 წელს ააწყო. რობოტი მარტო ერთ ბრძანებას ასრულებდა – მის მეუღლეს ეხმარებოდა ახლად შეძენილი ბავშვის დაძინებაში – აკვანს არწევდა. ამის შემდეგ სხვადასხვა რობოტებიც ააწყო. რობოტების გარდა ბატონი ვალოდიას ახალციხის სახლში გადაკეთებული ძველი პატეფონიც ვნახე, მასზე ძველი მელოდიები ისმოდა. ახალციხის სახლში თითქმის ყველა ნივთი საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული.
საბჭოთა პერიოდში, ბატონი ვალოდიას ახალი ტექნოლოგიური იდეები წარმოებაში ხშირად ინერგებოდა. ამის გარდა მას სხვა სახის კრეატიული გამოგონებებიც ჰქონდა. საბჭოთა სისტემა კი ტექნიკური გამოგონებებისთვის მხოლოდ მოკრძალებულ პრემიებს გასცემდა. დასანანია, რომ თავის დროზე, უცხოეთში არავის ჰქონდა წარმოდგენა ჩვენებურ ქართულ რობოტებსა და მის შემქმნელზე. თორემ, ვინ იცის, იქნებ, მაშინ მისი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართებოდა და მის სამეცნიერო გამოგონებებსაც სასურველი პერსპექტივა ექნებოდა…
თეონა გოგნიაშვილი