ხელოვნების სასახლეში უნიკალური გამოფენა – „ბაგრატიონები“ გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე პირველად არის წარმოდგენილი საქართველოს ხელოვნების სასახლეში, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში დაცული ქართველ ხელმწიფეთა და ბატონიშვილთა უნიკალური პორტრეტები, ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი, საბრძოლო იარაღი და სხვა ექსპონატები. მათი ნაწილი მრავალი წელია, არ გამოფენილა.
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს უცნობი ავტორის მიერ მე-19 საუკუნეში შესრულებულ თამარ მეფის პორტრეტს, ანანურის კომპლექსის ფონზე; ქართლ-კახეთის მეფის – ერეკლე II ყმაწვილობის ტილოსა და თეკლე ბატონიშვილის უნიკალურ პორტრეტს; ქართლის მეფე გიორგი XI (ყანდაარის ბეგლარბეგი) პორტრეტს, ერეკლე მეფის ვაჟების – გიორგი XII, იოანე და ალმასხან ბატონიშვილების პორტრეტებს საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის პორტრეტთან ერთად.
ექსპონატებს შორისაა საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელთა უნიკალური იარაღი, მათ შორის, მეფე ბაქარის, მეფე კონსტანტინესა და მეფე გიორგის ცეცხლსასროლი იარაღები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს თეიმურაზ მეფის ხმალი, იმერეთის მეფის ალექსანდრე III აბჯარი, ვახტანგ VI ასტროლაბი. ასევე წარმოდგენილია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი და პერსონალური ჭურჭელი მონოგრამებით.
ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში შეეძლება.