საქართველოს მწერალთა სახლი ბუქარესტის პოეზიის XV საერთაშორისო ფესტივალზეა მიწვეული

საქართველოს მწერალთა სახლი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში პოეზიის XV საერთაშორისო ფესტივალზეა მიწვეული, რომელიც 15-21 სექტემბერს გაიმართება.

„ფესტივალის ორგანიზატორის − რუმინეთის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმის, მიერ თანამშრომლობის შეთავაზებას საქართველოს მწერალთა სახლმა არაერთი ინიციატივით უპასუხა.

წარმოგიდგენთ დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს მწერალთა სახლისა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით დაიგეგმა:

მწერალთა სახლის საერთაშორისო პროგრამების წარდგენა

ქართული პოეზიის საღამო, მონაწილეები: მირანდა ერისთავი და გიორგი ბალახაშვილი

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის პრეზენტაცია

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება − მხარეები: საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, რუმინეთის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმი, რუმინეთის მწერალთა კავშირი

ღონისძიებების პარალელურად, რუმინეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად, მოეწყობა ქართული ლიტერატურის კუთხე და გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია.

გარდა ამისა, ფესტივალზე მონაწილეობისთვის მივლინებული პოეტები შეხვედრას გამართავენ ბუქარესტის საჯარო სკოლაში უფროსკლასელ მოსწავლეებთან, სადაც საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავენ და ავტოგრაფებს დაარიგებენ.

მწერალთა სახლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების გარდა, წმინდა ანთიმოზ ივერიელის დაბადებიდან 375 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს ელჩის, რუმინეთის საპატრიარქოს და ბუქარესტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართება სპეციალური საღამო და წმინდა ანთიმოზ ივერიელის შესახებ ფილმის ჩვენება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე.

მწერალთა სახლი წარმატებას უსურვებს ფესტივალში მონაწილე პოეტებს და მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს რუმინეთში, პროცესში გაწეული კოორდინაციისა და მხარდაჭერისთვის“, – წერია მწერალთა სახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.