12 სექტემბერს, 19:00 საათზე, კუბში სომხეთის თანამედროვე ექსპერიმენტული ხელოვნების ცენტრთან NPAK-თან თანამშრომლობით ორგანიზებული, ჯგუფური გამოფენა Be-ing გაიხსნება.
ექსპოზიცია აერთიანებს ინსტალაციებსა და ვიდეოარტს, ერთობლივი ნამუშევრების ნაწილი სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.
გამოფენაში მონაწილეობენ:
არევიკ ალექსანიანი, არმ ზურაბიანი, ბელა პოგოსიანი, სილვანა ჩობანიანი, მარიამ ალექსანიანი.
„Be-ing არსება, არსებობა, სიცოცხლე, სუბსტანცია, პიროვნება, ქმნილება.
ადამიანის გონება, საუკუნეების მანძილზე, მუდმივად უბრუნდებოდა იმ ფენომენებსა და რეალობებს, რომლებიც შეგრძნებებით ხდება ხელმისაწვდომი, და ყოველთვის საკუთარ თავს — ადამიანს — აყენებდა სამყაროს ცენტრში.
თუმცა, თუ ვეცდებით დამიანის არსის აღწერას, საჭიროა სხვადასხვა პერსპექტივის გათვალისწინება: ბიოლოგია, ფიზიკა, ფსიქოლოგია, ისტორია, სოციოლოგია და ანთროპოლოგია… – თითოეული თავისებურად გვიჩვენებს ადამიანს, როგორც მრავალშრიან არსებას.
ხელოვნების ხედვით, ადამიანი არის ის, ვისაც საკუთარი თავის შექმნა შეუძლია. ის მუდამ თავიდან იგონებს საკუთარ თავს — ცვლის სახეს, სახელს, კონცეფციას, სივრცესა და აუდიტორიას.
გალერეაში დაგხვდებათ სწორედ ასეთი “თვითშექმნის” შედეგები — ნამუშევრები, სადაც ადამიანური არსებობა ალეგორიულ სახეს იღებს: მეხსიერების, ემოციის, მიჯაჭვულობის, იზოლაციის, მისწრაფებისა და განსახიერების სახით. თითოეული ნამუშევარი განასახიერებს შემოქმედებითი Genesis-ის განსხვავებულ ფორმას.
ეს ნამუშევრები არსებობენ არა მხოლოდ როგორც ფიზიკური, სხეულებრივი ობიექტები — ისინი უკავშირდებიან სათაურს, კონცეფციას და ავტორს. ამგვარად, შემოქმედების აქტი განიხილება როგორც სამყაროს შექმნის აქტიც, სადაც დამკვირვებელი კვლავ ცენტრში ექცევა.
გამოფენა იწვევს მაყურებელს დაფიქრდეს თავად არსებობის ფაქტზე და თითოეული ნამუშევარი აღიქვას, როგორც ცალკე არსება, რომელიც, თითქოს შემთხვევით, ამავე სივრცეშია მოქცეული“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასწრება თავისუფალია!