5 – 12 სექტემბერს, კორეაში, ქ. გვანჯუში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მშვილდოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა დაასრულა თავისი გამოსვლა.
წარმატებულად შეიძლება შეფასდეს ერთეულთა თანრიგში, სანდრო მაჭავარიანის ასპარეზობა, რომელმაც თანმიმდევრობით დაამარცხა ბანგლადეშელი მია რაკიბი 6:0, რუსეთის წარმომადგენელი ალდარ ციბიკჟაპოვი – 7:1, ინდოელი რაჰიბ რაჰული – 6:5 და გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, სადაც მისი მეტოქე იყო უძლიერესი ტაივანელი მშვილდოსანი ჩინ – ჩუნ ტანგი. დაძაბულ ბრძოლაში 7:3 გაიმარჯვა ტაივანელმა სპორტსმენმა.
მამაკაცთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში, მონაწილეობდა 154 უძლიერესი მშვილდოსანი. მერვედფინალის საგზურის მიღმა დარჩნენ ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონები, კორეელი კიმ ვუ – ჟინი, თურქი მეთე გაზოზი, იტალიელი ნესპოლი და სხვა.
სანდრო პირველი ქართველი მშვილდოსანი მამაკაცია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 16 უძლიერესს შორის მოხვდა. მისმა ასპარეზობამ სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა, ხოლო ცნობილმა ფირმა „ვინ ვინმა“ სანდროს აჩუქა მშვილდის სრული კომპლექტი.