ფესტივალი “თბილისის რიტმი” რიშარ გალიანოს კონცერტით დაიხურა

ფესტივალი “თბილისის რიტმი” მსოფლიოში აღიარებული ფრანგი კომპოზიტორისა და აკორდეონისტის, რიშარ გალიანოს კონცერტით დაიხურა. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა, რიშარ გალიანომ და ფრანგმა ვირტუოზმა მუსიკოსებმა – გიტარისტმა ადრიან მოინიარმა და კონტრაბასისტმა ფილიპ არტსმა მაყურებელს ახალი  ალბომი – “New Viaggio”  წარუდგინეს.

სოსო ლაღიძის სახელობის  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი” მიმდინარე წლის 4 მაისს კუბელმა ვირტუოზმა პიანისტმა რობერტო ფონსეკამ მუსიკალურ ჯგუფთან ერთად გახსნა, ახალი ალბომით – “La Gran Diversion”.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ასევე სტუმრობდა სახელგანთქმული ბალერინა, ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.