ბულგარეთის ქალაქ შუმენში დასრულდა ევროპის მე-9 ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში.
ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოთხი შესაძლებლობიდან სამი მედალი აიღო. ერთი ვერცხლი (მათე რეხვიაშვილი) და ორი ბრინჯაო (საბა გოდუაძე და გიორგი მაისურაძე). კარგად იმუშავა გუნდის მეოთხე წევრმა ალექსანდრე ფეიქრიშვილმაც, მაგრამ სამწუხაროდ ნაჩვენები შედეგი მედლის მისაღებად არ ეყო (გუნდის ხელმძღვანელები გიორგი მანდარია და ბაქარ გამეზარდაშვილი). ოთხივე მოსწავლე კომაროველი და მზიურელია. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია ავრცელებს.
“ვულოცავ ბავშვებს, მშობლებს და ყველას, ვისაც რაიმე წვლილი აქვს შეტანილი ამ წარმატებაში. გუნდის შერჩევას, მომზადებას, დაფინანსების მოპოვებას და ოლიმპიადაზე გამგზავრებას ორგანიზაცია გაუკეთა საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერმა ასოციაციამ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპონსორს, ინფორმაციული და საკომუნიკავიო ტექნოლოგიების ასოციაციას (ICTA – epam, Lineate, nexus, iCT), რომელმაც გუნდის მგზავრობა დააფინანსა, გამგზავრების წინ ბავშვებს ლამაზი შეხვედრა მოუწყო და სამახსოვრო საჩუქრებითაც დაასაჩუქრა. იმედს ვიტოვებ, სპონსორების ამ საქმით დაინტერესება და ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის თავიანთი ნიჭის, ცოდნისა და უნარების გამოვლენის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან, თუ გვინდა IT სფეროში მაღალი დონის სპეციალისტები გვყავდეს, ამ საქმეს ალტერნატივა არა აქვს“, – წერს გიორგი მანდარია.