საქართველო ბრიტანულ Wanderlust-ზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

საქართველო პოპულარული ბრიტანული გამოგზაურო გამოცემის, Wanderlust-ის ვებგვერდზე, ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო.

გარდა ქვეყნისა, ევროპის სასურველ ტურისტულ მიმართულებებად დასახელებულია თბილისი და ბათუმი.

Wanderlust Travel Awards-ზე თბილისსა და ბათუმთან ერთად ნომინირებულია შემდეგი ქალაქები: ათენი, ბერლინი, ბოლონია, ბორდო, ბრიუსელი, ბუდაპეშტი, დრეზდენი დუბლინი, ედინბურგი, გენუა, გენტი, სტამბოლი, მადრიდი, ოსლო, პორტუ, პრაღა, რიგა, სიენა, სოფია, ვალენსია, ვენა, ვილნიუსი და ა.შ.

ბრიტანულ სამოგზაურო პლატფორმაზე საქართველოს, თბილისისა და ბათუმის მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს : https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2025-vote/

ხმის მიცემა დაწყებულია და 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ხოლო პრესტიჟული Wanderlust Reader Travel Awards ოცდამეოთხედ ლონდონის ეროვნულ გალერეაში 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.

დაჯილდოებაზე გამოვლინდება ყველაზე სასურველი ქალაქები, რეგიონები, ქვეყნები და ახალი მიმართულებები, რომლებიც შერჩეულია Wanderlust-ის მკითხველების მიერ, გარდა ამისა, დაჯილდოვდება საუკეთესო მიმართულებები თავგადასავლების, კულტურისა და მემკვიდრეობის, ბუნებისა და ველური ბუნების, გასტრონომიის და მდგრადი მოგზაურობისთვის.

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust, საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.

Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ.

ჟურნალის ტირაჟი 137959 ასლს შეადგენს, ხოლო wanderlustmagazine.com-ს ყოველთვიურად 1,6 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

Wanderlust-ის გამოკითხვაში მონაწილეებს შანსი აქვთ 70 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულების სპეციალური ტურები და პრიზები მოიგონ.