საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს მსხვილი ინდური კომპანიები სწავლობენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ინდოეთიდან 15 მსხვილი კომპანიას მასპინძლობს. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულნი.

ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისში, მუხრანსა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს გაეცნენ, სადაც ქორწილების ჩატარებაა შესაძლებელი.

“ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წლის იანვარ–ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში 75 893 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.4%-იანი ზრდაა. ტოპ ქვეყნებს შორის ინდოეთი მე-6 ადგილზეა. ინდოეთიდან ვიზიტორების 6 თვის მონაცემებით მთლიანი დანახარჯი 110.5 მილიონი ლარია.

ახალი მიმართულებების განვითარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს კვლევითი და საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-იც. კომპანიის 2025 წლის ორი კვარტლის კვლევაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით მიზანშეწონილია უფრო მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა. მნიშვნელოვანია საქმიანი და ღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების – კონფერენციების, ფორუმების, ქორწილების – უფრო მეტად წახალისება.

ვიზიტის ფარგლებში ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით”. – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.