TRAVEL + LEISURE ASIA – „ჩურჩხელა – უძველესი ენერგიის წყარო საქართველოში“

საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხრეთ აზიაში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Travel + Leisure Asia საქართველოს გასტროტურისტული მიმართულებისა და ქართული ღვინის შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა, საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და მკითხველს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

ჟურნალისტი მოგზაურობისას კახეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებთან ერთად ჩურჩხელის მომზადების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა:

„ჩურჩხელა არ შეიცავს დამატებით შაქარს და მდიდარია ცილებით,“ – ამბობს ქართველი გიდი ნინო.

„ჩურჩხელა, ტრადიციულად, რთველის დროს მზადდებოდა. ის შეიქმნა როგორც ნოყიერი და ხანგრძლივად შესანახი საკვები მწყემსებისა და მებრძოლებისთვის. ჩურჩხელის მომზადება ოჯახური საქმეა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ფესტივალებსა და ლაშქრობებში,“ – წერს გამოცემის ჟურნალისტი.

სტატიაში აღწერილია ფელამუშისა და ბადაგის მომზადების წესებიც.

კალპანა სანდერი ასევე მიმოიხილავს ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებს და ხაზს უსვამს, რომ საქართველო 8 ათასწლოვანი მეღვინეობის ისტორიით გამოირჩევა მთელ მსოფლიოში.