T-ONLINE-„ევროპის საიდუმლო მარგალიტი კავკასიაში – რატომ უნდა ეწვიოთ აუცილებლად საქართველოს“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, წამყვანი გერმანული მედიაპლატფორმა T-Online საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს თბილისს, ბათუმს, საქართველოს ბუნებას, ღვინოსა და სამზარეულოს აცნობს.

„ჯადოსნური მთები, უძველესი ვენახები, თბილი ხალხი, რომელიც თითოეულ სტუმარს ესალმება ისე, თითქოს ოჯახის წევრი იყოს. საქართველო თავგადასავლებით, ემოციებითა და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ქვეყანაა. მზად ხართ აღმოაჩინოთ ევროპის ყველაზე ლამაზი საიდუმლო?“ – წერს T-Online-ის ჟურნალისტი, რომელიც მკითხველს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

„წარმოიდგინეთ, დილით კავკასიონის მწვერვალზე დგახართ. მზე ნელ-ნელა ამოდის და მთებს ვარდისფერ და ოქროსფერ ელფერს ჰფენს, ხეობები კი ცისფერ ნისლში იძირება. შორიდან ეკლესიის ზარის ხმას ისმენთ, ხოლო დედაქალაქის ვიწრო ქუჩებში უკვე ტრიალებს ახალგამომცხვარი პურის სურნელი, რომელიც ოჯახური რეცეპტით მომზადდა. რამდენიმე საათში კი ვენახში, უცნობ ადამიანებთან ერთად, ღვინის ჭიქით ხელში თავს ისე გრძნობთ, თითქოს ამ ადგილის ნაწილი ხართ“ – წერს T-Online.

სტატიაში აღწერილია მთები, სვანეთი, სოფელი უშგული, ასევე ზღვის სანაპიროები.

„საქართველოში ბუნება თავის სრულყოფილ სილამაზეს წარმოგვიდგენს: თოვლით დაფარული მწვერვალები, მწვანე ველები და სწრაფი მდინარეები, ყვავილებით მოფენილი მინდვრები, რომლებიც ზღაპრულ პეიზაჟს ჰგავს. როცა ნელ-ნელა კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან შავი ზღვისკენ მიემგზავრები, ლანდშაფტი თანდათან იცვლება – ცივ კლიმატს ანაცვლებს თბილი სუბტროპიკული ბაღები და ფართო სანაპირო ზოლები. საქართველოს ბუნების სილამაზის შესაგრძნობად განსაკუთრებული ადგილია უშგული, რომელიც ზღვის დონიდან 2,100 მეტრზე მდებარეობს და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან მუდმივად დასახლებულ ტერიტორიად ითვლება. აქ საუკუნეების წინ აშენებული ქვის სახლები და თავდაცვითი კოშკები გარშემორტყმულია თვალწარმტაცი მთებით. ეს ჯადოსნური ადგილი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული“ – წერს T-Online, რომელიც მკითხველს აცნობს ქართულ სუფრას, კერძებსა და ღვინოს.

„საღამოა საქართველოში, თქვენ სხედხართ ტრადიციულ სუფრასთან, მალე ხვდებით, რომ აქ სტუმრებს არა მხოლოდ თბილად ხვდებიან, არამედ მაშინვე მეგობრებად აქცევენ. საქართველო განსაკუთრებით ცნობილია ღვინის წარმოების გამორჩეული ტრადიციით,  ამ უძველეს ტრადიციას იუნესკომაც მიანიჭა აღიარება-საქართველო  სიურპრიზებითა და კონტრასტებით სავსე ქვეყანაა, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია თბილი ადამიანები, მათი ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა, გემრიელი სამზარეულო და ღვინის უძველესი ტრადიცია, რომლებიც საქართველოს უნიკალურს ხდის“,- წერს გამოცემის ჟურნალისტი.

სტატია შემდეგი ფრაზით სრულდება:

„თუ ეძებთ ადგილს, რომელიც გულში ჩაგრჩებათ, მაშინ საქართველოს ეწვიეთ. ბუნება, რომელიც გულს გითბობთ, სუფრა, რომელიც სიყვარულით ივსება, და ხალხი, რომელსაც თქვენთვის გული ყოველთვის ღია აქვს – ეს არის საქართველო“.

T-Online-ს ყოველთვიურად 30 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. გერმანიის გარდა გამოცემას  მკითხველები ჰყავს ავსტრიასა და შვეიცარიაში.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.