ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა ოროზმანის საერთაშორისო გათხრების მიმდინარეობისას – აღმოჩენილია 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა. ინ ფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელიც არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით სააგენტოს მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს გაცემული Nნ/12/62 ნებართვის საფუძველზე ატარებს არქეოლოგიურ სამუშაოებს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე (ს/კ 82.01.47.051) არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზე 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის.
„გათხრები მიმდინარეობს 1,84-1,77 მილიონი წლების არქეოლოგიურ ფენებში — ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამავე ექსპედიციამ 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. გათხრები 2025 წლის ივლისში განახლდა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
აღმოჩენის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს კულტურული მემკვოდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური.
ექსპედიციაში პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, კოლუმბიიდან და ყაზახეთიდან“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.