საქართველო THE NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD FESTIVAL-ზე

ქართულ კულინარიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გასტრონომიულ ფესტივალზე გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე უკვე მეორედ წარდგა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის ეროვნული სააგენტო.

„The National Geographic Traveller Food Festival-ზე შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა ყველის ვარიაციები, ხინკალი, ლობიანი და სხვა კერძები წარადგინა, ხოლო შეფმზარეულმა ვახტანგ გობეჯიშვილმა ფესტივალის მონაწილეებს ხაჭაპური და გებჟალია გააცნო. ქართველმა შეფმზარეულებმა ფესტივალზე ერთობლივად მომზადებული კერძებიც წარადგინეს.

The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართული კერძებისა და ღვინის მასტერკლასები ჩატარდა.

გასტროფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 6 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო“, – ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ამ ფესტივალზე, რადგან საქართველოს აქვს საოცარი ისტორია. სამზარეულო ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია – სუფრა, სადღეგრძელოები, სხვადასხვა სახის კერძები როგორც მთაში, ასევე ქალაქში – ამ ყველაფერს ქვეყნის კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ შესანიშნავი ამბავი მოსაყოლი. საქართველო ისეთი ტიპის ტურისტული მიმართულებაა, რომელზედაც ჩვენს მკითხველს უკვე აქვს გარკვეული წარმოდგენა, მაგრამ სურს მეტი გაიგოს“ – აცხადებს The National Geographic Traveller-ის კულინარიული რედაქტორი გლენ მათლი.