საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი პირველადი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1 მარტიდან გეგმავს.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება. “Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.

“ამჟამად, აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით სრულდება. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა”, – წერია ინფორმაციაში.