ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიები და სახარებები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზეა წარმოდგენილი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ცვლად საგამოფენო სივრცეში ახალი ექსპოზიცია მოეწყო. აქ წარმოდგენილია ბიბლიები და სახარებები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. ექსპონატთა დიდი ნაწილი გერმანელი ენათმეცნიერის, ქართველოლოგ ვინფრიდ ბოედერის კოლექციიდანაა.

„ვინფრიდ ბოედერი წლების განმავლობაში აგროვებდა სახარებებს სხვადასხვა ენაზე. რამდენიმე ხნის წინათ ბოედერის არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადმოეცა. ბიბლიოგრაფიული ერთეულები მეცნიერის არქივიდან ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდშია დაცული.

წიგნის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილია ფინურად, გრენლანდიურად, ლიეტუვურად, მალტურად, დანიურად გამოცემული სახარებები და ბიბლიები.

მნახველების ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს 1759 წელს დაბეჭდილი ფრანგული ბიბლია, რომელიც მინიატიურული გამოცემაა და შინიონის ბიბლიასაც უწოდებენ (არსებობს გადმოცემა, რომ მას ქალბატონები შინიონში ინახავდნენ).

გამოფენაზე იხილავთ 1741 წელს გამოცემულ გერმანულ ბიბლიასაც.

ცალკე სტენდზეა წარმოდგენილი ბიბლიები აღმოსავლურ (თურქულ, კორეულ, სირიულ, სუაჰილიზე) ენებზე.

იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული განსაკუთრებული ბიბლიოგრაფიული ერთეულია 1818 წელს გამოცემული სპარსული ბიბლია.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასევე სახარება სლავურ ენაზე, რომელიც საეკლესიო განხეთქილებამდე, 1649 წელსაა დაბეჭდილი და ამითაა  ღირებული და იშვიათი“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება და მისი დათვალიერების შესაძლებლობა ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ყველა სტუმარს ექნება.