ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადაზე 2 მედალი მოიპოვეს

7-13 ივლისს რუმინეთი ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადას (CEOI’2025) მასპინძლობდა. მასში 15-მდე ქვეყანა მონაწილეობდა. ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.

გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ნიკოლოზ მელიქიშვილი, საბა ფერაძე, ვლადიმერ ფრანგიშვილი, დავით ძაძამია.

„ოლიმპიადა ტრადიციულად ძალიან რთული გამოდგა, თუმცა  ნიკოლოზ მელიქიშვილმა და საბა ფერაძემ ბრინჯაოს მედლების აღება მაინც მოახერხეს და ვერცხლამდეც ცოტა დააკლდათ. გუნდს თან ახლდნენ ახალგაზრდა მწვრთნელები, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების ყოფილი წევრები, ყოფილი კომაროველები და მზიურის პედაგოგები დავით ხვედელიძე და გიორგი კობახია. ეს საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო მსოფლიო ოლიმპიადის წინ, რომელიც წელს ბოლივიაში გაიმართება 27 ივლისს – 3 აგვისტოს და სადაც ეს გუნდი 23 ივლისს გაემგზავრება. ვულოცავ გამარჯვებულებს, ასევე მთელ გუნდს, კომაროვს, მზიურს, პედაგოგებს, მშობლებს და მთლიანად საქართველოს ამ კიდევ ერთ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე“, – წერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში.