1919 წლის 26 მაისს, საქართველოში პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინე“ ჩვენება გაიმართა.
ფილმის პირველი ჩვენებიდან ზუსტად 106 წლის მერე, 2025 წლის,12 ივლისს, თბილისში, ვაკის პარკის ამფითეატრში, ქართველმა მაყურებელმა ალექსანდრე წუწუნავას “ქრისტინეს” ფრაგმენტები იხილა. ფილმი მუსიკალურად კამერულმა ორკესტრმა გააფორმა. სიმბოლურია, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა, საამისოდ, პირველი ქართველი კომპოზიტორის, რევაზ გოგნიაშვილის მუსიკა შეარჩიეს. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ორკესტრის მუსიკოსმა და ბიბლიოთეკარმა, გოდერძი გარაყანიძემ და ამავე ორკესტრის მუსიკოსმა და ელეწტრონულნმა არქივარიუსმა, ლევან გოცირიძემ ითავეს.
ლევან გოცირიძე: მიხარია, რომ ჩვენი ჩანაფიქრი განვახორციელეთ. მადლობას მოვახსენებ პროექტის მუსიკალურ ხელმძღვანელს, ზაზა მარჯანიშვილს და პროექტის ხელმძღვანელს, მარი სალუქვაძეს. ქართული მუსიკალური და კინო ხელოვნებისთვის ეს დღე მართლაც ისტორიული და მნიშვნელოვანი იყო.
გოდერძი გარაყანიძე: ქართული კლასიკური მუსიკისა და ეროვნული კინოს ისტორიაში ეს მართლაც ისტორიული დღე იყო. ამ პროექტში ორკესტრის შეკრება, მათი ნოტებითა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა მევალებოდა. უფრო სწორად, ამ საქმეში მეგობარს, ლევან გოცირიძეს დავუდექი გვერდში. ფილმის ჩვენებამ კარგად ჩაიარა და კმაყოფილი ვართ. მაყურებელმა ფილმის შემორჩენილი ფრაგმენტები კომპოზიტორ რევაზ გოგნიაშვილის უკვდავი მუსიკის ფონზე იხილა. ფილმს ახმოვანებდა კამერული ორკესტრი ლევან გოცირიძის დირიჟორობით. მუსიკის არანჟირება ზაზა მარჯანიშვილს და ლევან გოცირიძეს ეკუთვნის. კარგი იქნება, თუკი მსგავსი სახის პროექტები მომავალშიც განხორციელდება და ქართული კლასიკური მუსიკისა და კინოს მოყვარულებს კიდევ არა ერთხელ გავაოცებთ და გავახარებთ.
თეონა გოგნიაშვილი