„ჩვენ დავბრუნდებით“ — იტალიასა და ესპანეთს შორის გადებული ხიდი

ალიკანტეს მოქმედ დიასპორასთან არსებული ანსამბლი „იბერია“ სტუმრად ეწვია იტალიის ქალაქ ბარს, სადაც მას ღირსეული მასპინძლობა გაუწია დიასპორულმა ორგანიზაციამ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრი “გურულები “და მასთან არსებულმა ანსამბლმა “ფესვები”, დამფუძნებლები – ლელა დვალი და აკაკი ქინქლაძე,ქორეოგრაფი – სალომე დარჩია.

„ერთობლივი ფესტივალის სახელწოდება იყო სიმბოლური — „ჩვენ დავბრუნდებით“ და ამ სიტყვებში მართლაც იდო ყველაფერი: მონატრება, სიყვარული, ერთობა, ფესვები და იმედი.

ეს იყო დაუვიწყარი დღეები — განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებიც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ იმთავითვე თითქოს მთელი ცხოვრება მეგობრებად იზრდებოდნენ. ქართულმა სიმღერამ, ცეკვამ და სტუმარმასპინძლობამ მთელი სივრცე გაანათა.

და ისმოდა ერთი გულწრფელი, ტკივილიან-ომახიანი შეძახილი: „ჩვენ დავბრუნდებით!“

ჩვენ, უფროსებიც და პატარებიც, ემოციებით ვიყავით სავსე — ეს იყო შეხვედრა, რომელიც სულსა და მეხსიერებაში მუდამ დაგვრჩება.

ახლა კი ჩვენი ჯერია: ალიკანტე მზად არის უმასპინძლოს ბარის ქართველებს და გააგრძელოს სითბოსა და თანადგომის ეს ჯაჭვი.

გულითადი მადლობა ყველას, ვინც ეს დღეები მზით, სიყვარულით, ურთიერთთანადგომითა და სინათლით აავსო!“, ნათქვამია ალიკანტეს ქართული სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.