12 ივლისს, 21:00 საათზე, ვაკის პარკის ამფითეატრში „ZMG არტი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ პირველი ქართული მხატვრული ფილმის, ალექსანდრე წუწუნავას “ქრისტინეს“ ჩვენებას ორკესტრის თანხლებით. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1919 წელს, თბილისში, კინოთეატრ „აპოლოში“ შედგა პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ პრემიერა. ერთი წლით ადრე, 1918 წლის 17 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიდგა პირველი ქართული ოპერა — რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“.
საღამოს ფარგლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის მცირე ორკესტრი, ლევან გოცირიძის ხელმძღვანელობით, 1918 წლის შემდეგ პირველად შეასრულებს ოპერას „ქრისტინე“ ქართველი მაყურებლის წინაშე.
ჩვენების დაწყებამდე კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი ცოცხლად გაახმოვანებს ნაწყვეტებს ძმები ლუმიერების, ჟორჟ მელიესის, მაკ სენტისა და ჩარლი ჩაპლინის ფილმებიდან. ამის შემდეგ კი დაიწყება ფილმის ჩვენება.
პროექტი ხორციელდება ზაზა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით და ეძღვნება კინემატოგრაფის დაარსებიდან განვლილ პერიოდს პირველი ქართული მხატვრული ფილმის პრემიერამდე.