ICD-ის მმართველობის ორგანოში საერთაშორისო კანცლერად თსსუ-ის პროფესორი მარინა მამალაძე აირჩიეს

თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) მმართველობის საბჭოში ევროპის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება. გადაწყვეტილება ICD-ის 68-ე კონგრესზე მიიღეს (18-22 ივნისი, ქ. ზალცბურგი, ავსტრია).

სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის მსოფლიო მმართველობის ორგანოში – კანცლერთა საბჭოში – ევროპის სექციას ერთი საერთაშორისო კანცლერის ყოლის უფლება აქვს და სწორედ ეს კანცლერია ‘’ევროპის ხმა’’.  ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროცედურა ასეთია: ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ევროპის რეგენტთა საბჭომ უნდა შეარჩიოს და კენჭისყრით დაამტკიცოს საერთაშორისო კანცლერი. საერთაშორისო კანცლერის თანამდებობას არჩეული პირი 4 წლით იკავებს.

ICD-ის საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა ამ ვაკანტურ პოზიციაზე ევროპის რეგენტთა საბჭოს დასამტკიცებლად თსსუ-ის პროფესორის მარინა მამალაძის კანდიდატურა წარუდგინა. თსსუ-ის პროფესორმა საბჭოს სხდომაზე სრული მხარდაჭერა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო საბჭოში ევროპის ერთადერთი წარმომადგენელი -‘’ევროპის ხმა’’ – თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. პროფესორი მარინა მამალაძე  საერთაშორისო კანცლერის თანამდებობაზე უფლება-მოვალეობის შესრულებას 2026 წლის ივლისიდან დაიწყებს, როდესაც ICD-ის  69-ე კონგრესის ფარგლებში, მილანში გამართული ევროპის რეგენტთა საბჭოზე საერთაშორისო კანცლერის სამკერდე ნიშანი გადაეცემა.

ICD-ის კონგრესების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი წევრების მიღებაა. ევროპის სექციას წელს საქართველოდან 2 სტომატოლოგი შეემატა: თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი თეონა დანელია და ექიმი თამარ კუთხაშვილი.

სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგია (ICD) მსოფლიოს 140 ქვეყანას აერთიანებს და 20 დამოუკიდებელი სექციისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთია ევროპის სექცია. საქართველო ევროპის სექციის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული – დისტრიქტია.

„2023 წლამდე საქართველო აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად მე-15 დისტრიქტს მიეკუთვნებოდა, თუმცა 2023 წლის დეკემბრიდან ქვეყანა ევროპის სექციის დამოუკიდებელ მეთექვსმეტე სტურქტურულ ერთეულად – დისტრიქტად ჩამოყალიბდა.  მის რეგენტად თსსუ-ის პროფესორი მარინა მამალაძე აირჩიეს, რომელიც სტომატოლოგთა საერთშორისო კოლეგიის წევრი 2013 წლიდანაა.

‘’სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) მიერ ჩვენი ქვეყნის სტომატოლოგთა ასეთ აღიარებას მისი წევრების აქტივობებისა და ყოველწლიურ შეხვედრებზე ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენის ლოგიკურ შედეგად მივიჩნევ. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი დისტრიქტის აქტიური წევრები, სხვებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული მასწავლებლებიც არიან (ასოცირებული პროფესორები: ლია სანოძე, ნათია ნიჟარაძე, დეა ვადაჭკორია, თეონა დანელია, ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ბეშეკნაძე, მოწვეული მასწავლებლები: მანანა უსტიაშვილი და თეა ჯანჯალაშვილი)’’ – განაცხადა თსსუ-ის პროფესორმა მარინა მამალაძემ.

თსსუ-ის დელეგაცია ჩართულობით გამოირჩეოდა წლევანდელ კონგრესზეც. დელეგაციის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) 68-ე კონგრესის სამეცნიერო სესიაში, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. წლევანდელი სესია ძირითადად საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიებსა და მათთან ასოცირებული მდგომარეობების მართვის საკითხების განხილვას დაეთმო.

თსსუ-ის წარმომადგენლების შეფასებით, საქართველოს დელეგაციის საერთაშორისო ავტორიტეტი კოლეგიაში წლიდან წლამდე იზრდება, რაც წევრების აქტიურ ჩართულობას უკავშირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარინა მამალაძე