დევისსა და სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის მე-8 ფორუმი გაიმართა

კალიფორნიის შტატის ქალაქებში, დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის მე-8 ფორუმი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის  ფარგლებში, ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში  სამეცნიერო სემინარი მეცნიერების, ეკონომისტების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგული პოტენციალი და ქართული ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის მდგომარეობა.

ამასთან ერთად, ქალაქ სან-ფრანცისკოში ქართული ღვინის კულტურის, მისი ისტორიის, ჯიშობრივი მრავალფეროვნების, უნიკალური მეღვინეობის მეთოდების, ქართული ღვინის ეკონომიკის და მარკეტინგის შესახებ  კონფერენცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.