„გამომყევი აჭარაში“ კამპანიაში ჩასართავად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია  „გამომყევი აჭარაში“ ჩასართავად რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, აჭარის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს ჩაერთონ კამპანიაში. 1 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე მონაწილეებს საშუალება ექნებათ აჭარაში იმოგზაურონ,  საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და  მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზები. წელს, კამპანიის საპრიზო ფონდი გაიზარდა და მონაწილეებს აჭარაში მოგზაურობით უფრო მეტი თანხის მოგების საშუალება ეძლევათ.

“კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორი თვის განმავლობაში იმოგზაურეს და ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები. 2023-ში, კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში 100 მილიონი, ხოლო 2024 წელს, 240 მილიონზე მეტი წვდომა (reach) დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების  მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.