რომში, „დანტე ალიგიერის“ საზოგადოებამ, პოეტ დავით მაღრაძის ლექსების კრებული სახელწოდებით ROMA AMOR გამოსცა

რომში, „დანტე ალიგიერის“ საზოგადოებამ, პოეტ დავით მაღრაძის ლექსების კრებული სახელწოდებით ROMA AMOR გამოსცა, რომლის პირველი 100 ეგზემპლარი ხელით არის დამზადებული. კრებულს ორი წინასიტყვაობა აქვს – ერთი „დანტე ალიგიერის“ საზოგადოების გენერალური მდივნის ალესანდრო მასის და მეორე სენატორი მასიმო გარავალია.
„როდესაც პოეტი შეუყვარდება ადგილს, ეს ადგილი წყვეტს იყოს მხოლოდ გეოგრაფია: ადგილია იტალია, ხოლო პოეტი — დათო მაღრაძე.

ჩვეულებრივ, ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვისას, მკითხველი ქმნის ავტორის გამოსახულებას.
მე მაქვს ბედნიერება, რომ დათო მაღრაძე პირადად გავიცანი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მისი ლექსებიდან წარმოქმნილი ავტორის სახე სრულად ემთხვევა მის პიროვნებას: ნამდვილს, ვნებიანს, ღრმად ჰუმანურს.

ჩემთვის დიდი პატივია ამ სიტყვების დაწერა წინასიტყვაობისთვის. ამ პოეტური კრებულის წარდგენა, რომელიც ასეთი სიღრმით აღნიშნავს იტალიას, ჩემთვის არა მხოლოდ მკითხველის, არამედ უნიკალური ხმის მოწმის გამოცდილებაცაა.
დათო მაღრაძე ის პოეტია, რომელიც თითოეულ სიტყვას ინტენსიურად განიცდის, აქცევს მას ხიდად ემოციებსა და მნიშვნელობებს შორის. ამ კრებულში იკვეთება მისი ვნება ჩვენი ქვეყნისადმი, რომელიც ხდება ღრმა და პიროვნული რეფლექსიის ცენტრი.

მაღრაძე არ შემოიფარგლება მხოლოდ აღწერით, ის მკითხველს უბიძგებს იგრძნოს: მისი ხმა, ერთდროულად უძველესი და თანამედროვე, ახერხებს იტალიის გამოხატვას არა მხოლოდ როგორც ფიზიკური სივრცის, არამედ როგორც კულტურისა და შთაგონების მარადიული სიმბოლოსი.

ვნება, რომელიც თითოეულ ლექსს აცოცხლებს, ღრმაა, თითქმის რელიგიური: თითოეული სიტყვა, თითოეული გამოსახულება ცოცხლდება და გვაგრძნობინებს სცენას. მაღრაძე წერს გაცხადებული განზრახვით, რომ მკითხველი გულგრილი არ დარჩეს: მისი პოეზია არ ერიდება იყოს ძლიერი, შეარყიოს, მკითხველი მიიწვიოს, შეხედოს სამყაროს და საკუთარ თავს ახალი თვალებით, თითქოს გვასწავლის თავიდან სიარულს“, – აღნიშნულია სენატორ მასიმო გარავალიას წინასიტყვაობაში.