უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალში, დაძაბულ ორთაბრძოლაში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევთან წააგო.
ფინალამდე გურამ თუშიშვილმა სლოვაკ მარიუს ფიზელს, გერმანელ ლოსენი კონეს, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია. ნახევარფინალში ქართველმა დაამარცხა სამხრეთკორეელი მინჯონგ კიმი, რომელთანაც 2024 წელს აბუ-დაბიში მსოფლიოს პირველობის ფინალი დათმო.
მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 4 მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
20 ივნისს ბუდაპეშტში შერეული გუნდური შეჯიბრება გაიმართება. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ჩინეთის გუნდს შეხვდება.