7 ივნისს იტალიის ქალაქ გენუაში, პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური ფორმატის − POEVIZIONI-ს ფარგლებში, პოეზიის დარბაზში შედგა ოთარ იოსელიანის ფილმის „საპოვნელა“ (1959 წ.) ჩვენება, რომელსაც იტალიაში შედევრად მიიჩნევენ.
ნაჩვენები იყო ასევე ბაკურ ბაკურაძის ფილმი „ბერმუხა“, რომელიც მთიანი აჭარის ხანდაზმულ მოცეკვავეთა ტრადიციული, საუკუნოვანი ცეკვებისა და მოცეკვავეების, ასევე მათ ანსამბლ „ბერმუხას” შესახებაა. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფილმების ჩვენებამდე აუდიტორიის წინაშე ისაუბრეს გენუის პოეზიის ფესტივალის ფუძემდებელმა და ორგანიზატორმა კლაუდიო პოცანიმ და POEVIZIONI-ს კურატორმა, იტალიელმა მწერალმა და დოკუმენტალისტმა მაურიციო ფანტონი მინელამ, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფზე, იმ რეტროსპექტივაზე ისაუბრა, რომელიც გასულ წელს, „სამშობლო გულით სატარებელი“-ს (ერთ-ერთი ფუძემდებელი: ქართველი ლიტერატორი და მთარგმნელი ნუნუ გელაძე) ინიციატივით გაიმართა მილანში, სადაც ნაჩვენები იყო ქართული კინოს კლასიკოსების − თენგიზ აბულაძის, ოთარ იოსელიანის და სხვა გამოჩენილი რეჟისორების ფილმები.
5 ივნისს გამართული ორი ქართული ფილმის ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.