ამბობენ, გულის ძგერა საუკეთესო მელოდიაა დედამიწაზეო. იმას, თუ რამდენ ხანს და როგორ იჟღერებს ის, ჩვენი ცხოვრების წესსა და იმ ექიმზეა დამოკიდებული, ვისაც საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ გულს ვანდობთ.
– ბატონო სოსო, საუბარს ნახევრად ხუმრობით, ამ საკამათო კითხვით დავიწყებ: რომელი ორგანოა უფრო მთავარი: გული თუ ტვინი?
– მეც ნახევრად ხუმრობით გიპასუხებთ. ყველა ორგანო მთავარია: ტვინი, გული, ფილტვი, ღვიძლი, თირკმელი და სხვები. თუ „ვინმე“ გამომრჩა, მაპატიოს. თუმცა მე როგორც კარდიოლოგი, გულს ვგულშემატკივრობ, რადგან გული „გულთან უფრო ახლოს არის“…
– რა სახის პათოლოგიებით შემოდიან თქვენთან პაციენტები და თქვენ, როგორც მორიგე ექიმს რა ფუნქციები გაქვთ?
– ძირითადად, საქმე გვაქვს შემდეგ პათოლოგიებთან: გულის მწვავე უკმარისობა, სტენოკარდია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის არიტმიები. რაც შეეხება, მორიგე ექიმებს, ჩვენ რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება ხშირად მარტოდმარტო გვიწევს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ყველაფერი დიდი სტრესის ფასად გვიჯდება.
– როგორ გავუფრთხილდეთ გულს?
– ჩვენი გული მუდმივად გვემსახურება, მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის ვუსმინოთ და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვიკვებოთ სწორად, მუდმივად ვაკონტროლოთ ჯანმრთელობა. ჯანმრთელი ცხოვრების წესი გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს ამცირებს, თუმცა გარანტირებულად ვერ გამორიცხავს. იმ უამრავი პრობლემებიდან, რომელიც მედიკოსთა წინაშე დგას, ერთ-ერთი მედიკამენტების ხარისხია.
– ამბობენ, თქვენს მშობლიურ სოფელ ხაშმში საფერავის სახით ისეთი ღვინო მოგყავთ, რომელიც სწორედ გულის ჯანმრთელ მუშაობას უწყობს ხელს. ეს სიმართლეა თუ მეღვინეების მოგონილი მითი?
– ეს სიმართლე გახლავთ: საფერავის ზომიერი, რეგულარული მოხმარება დადებითად მოქმედებს არამარტო გულ-სისხლძარღვთა, არამედ სიმსივნური დაავადებების დროსაც. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც მისი მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან უკუჩვენება ახლავს. საერთოდ, საფერავის სამკურნალო თვისებებზე იმდენი საინფორმაციო მასალა მოიპოვება, რომ მითი ნამდვილად არ არის.
– სოციალური ქსელების პირად გვერდზე ხშირად ვკითხულობთ თქვენი, როგორც ექიმის და როგორც მეღვინის მიმართ გამოთქმულ სამადლობელ სიტყვებს: „როდის გვექნება დეგუსტაცია?“, „საუკეთესო საფერავის ავტორი სოსო ყირმელაშვილი“, ბარაქა, სოსო ექიმო!
– საერთოდ, ვის სახელს უკავშირდება ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება?
– ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება. ვენახი აქ მისი ბრძანებით დავით გარეჯელ ბერებს გაუშენებიათ. ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ სწრაფად აუთვისებია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები და საფერავის ჯაშის ყურძნიდან საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინო უწარმოებიათ. აქაური წითელი ღვინო მთელ კახეთში იყო განთქმული. თბილისელი ვაჭრები ხაშმის ღვინოს ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ.
– მართალია, რომ ეს ღვინო მხოლოდ ხაშმის ტერიტორიაზე მზადდება?
– დიახ, ხაშმის საფერავი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ხაშმის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის მწიფე ყურძნისგან. ხაშმის მიკროზონა მოიცავს სოფელ ხაშმს, რომლის ფართობი 887 ჰექტარს შეადგენს. ეს ღვინო თავის პირობებს მოითხოვს: მაგალითად, დაუშვებელია ყურძნის ტრანსპორტირებისას პოლიეთილენის პარკების და ტომრების გამოყენება, ტრანსპორტირებისას ყურძენი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული შესაძლო დაბინძურებისაგან და სხვა.
– თქვენს მკითხველს ჩემი მოწეული ხაშმის საფერავით სიმბოლიურად დავლოცავ და პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ. რჩევის სახით კი ვეტყვი, გაუფრთხილდით გულს და დარწმუნებული იყავით, რომ ისიც დიდხანს და ერთგულად მოგემსახურებათ!…
თეონა გოგნიაშვილი