ჰელსინკის ისტორიულ სასახლეში ქართული ღვინის პროფესიული წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ფინეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰელსინკის ისტორიულ სასახლეში „The Finnish House of Nobility”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული ღვინის პრეზენტაცია – დეგუსტაციას, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, დარგის ექსპერტები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები  და იმპორტიორები დაესწრნენ.  ირაკლი ჩოლობარგიამ მონაწილეებს ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო.

ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა საზეიმო მიღებას ფინეთის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლების, ასევე, ღვინის პროფესიონალებისა და ინფლუენსერებისათვის. საზეიმო მიღების დროს, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქართული ფოლკლორისა და პოლიფონიის თანხლებით ჩატარდა.