ექსპერიმენტები ხელოვნებაში და ნახატში გამოსახული ქართული კოდი

მან დიდი ხანია დაამტკიცა, რომ თუ ადამიანს ხატვის ნიჭი და სურვილი აქვს, შედევრებს ზეთის საღებავების გარეშეც შექმნის. მხატვარი ნათია მერაბიშვილი მოდერნისტულ ნახატებს ფერწერისა და გრაფიკის ტრადიციული გზით გამოსახავს. თავის შედევრებს კი უბრალო ყავისა და თაფლის ნაზავითაც ქმნის. თქვენ წარმოიდგინეთ, უჩვეულო კომპოზიციებს DVD დისკებითაც აწყობს.

საქართველოში პერსონა 2022″-ის ტიტულით დაჯილდოებული ნიჭიერი მხატვარი, მალე, ოჯახთან ერთად მოსკოვიდან თბილისში გადმოვა საცხოვრებლად. დარწმუნებული ვართ ხელოვნების ერთგულ თაყვანისმცემლებს სამშობლოში კიდევ არა ერთ უჩვეულო ნამუშევარს შესთავაზებს. თავის ერთ ფოტოს მხატვარმა მიაწერა: „მე შევქმენი ჩემი სამყარო, სადაც უზომოდ ბედნიერი ვარ!“. ალბათ ორმაგად ბედნიერია ხელოვანი, რომელიც თავისი შექმნილი სამყაროთი სხვებსაც აბედნიერებს…

ნათია, ხატვის ნიჭი გენეტიკურად გადმოგეცათ?

– არა, ჩემს ოჯახში პირველი მხატვარი ვარ. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის  გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე. რაც ხის, ქვის, ლითონისა და სხვადასხვა მასალათა მხატვრული დამუშავების საქმის ცოდნას გულისხმობს. სტუდენტობის ყველაზე ბედნიერი წლები საქართველოში გავატარე.

– საოცარ პორტრეტებს ქმნით, პირველად ვინ დახატეთ?

– საერთოდ, მოდერნიზმის სტილში ვხატავ და პირველად მამის პორტრეტი დავხატე. ცნობილი პიროვნებები ნატურით არ მყავს დახატული. უამრავი მწერლის, მსახიობისა და მომღერლის პორტრეტი მათივე ფოტოებიდან მაქვს შესრულებული.

– ყავის ნალექით ხატვის სურვილი როგორ დაიბადა?

– ერთხელ ყავაში თაფლი გავაზავე და ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოების ცნობილი გმირი დათა თუთაშხია გამოვსახე. ეს სრული იმპროვიზაცია გახლდათ. ამის მერე, ყავით ქვეცნობიერად, იესო გამოვსახე.

– ამის შემდეგ DVD დისკებით ბარელიეფის შექმნა გადაწყვიტეთ…

– ბარელიეფი რთული მოსამზადებელია და დიდ შრომას მოითხოვს. DVD დისკებს ვჭრი და მათ უკვე გამოძერწილ ფორმებზე ვაწყობ. ნამუშევარს, რომელსაც „ჯვარცმა“ ჰქვია მთელი თვე ვაწყობდი. მის დასამზადებლად დისკები მოზაიკის პრინციპით ავაწყვე. მე დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია.

– ალბათ რთულია ხელოვანი ყოფის კანონებს დაემორჩილოს…

– როცა მეუღლე გავიცანი შეხვედრის დროს ვუთხარი, რომ ხელოვნების გზას მივყვები და ასეთ ადამიანს თუ მიიღებ–მეთქი. ახლა ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეუღლე და ვაჟი. მეუღლე ყოველთვის გვერდში მიდგას და ამის გამო მისი მადლიერი ვარ. ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი.

– ბოლო დროს ბევრ გამოფენაში მიიღეთ მონაწილეობა, რომელს გამოარჩევდით?

– ყველა გამოფენა, რომელშიც ბოლო დროს მივიღე მონაწილეობა, თავის ხასიათით და წარმოდგენილი ექსპონატებით უნიკალური იყო. ამიტომ ჩემთვის ყველა მათგანი საინტერესო და ემოციური გახლდათ.

ერთი ნახატი გაქვთ სახელად – ქართული კოდი, რას ნიშნავს თქვენთვის ქართული კოდი?

– ქართული გენი ვიცით, რომ ძლიერია. ამ სიძლიერის გამომსახველ ეტალონად დათა თუთაშხია მყავს არჩეული. ამიტომ ქართული კოდი მისი ძლიერი ხასიათით გამოვსახე, რაც მის პორტრეტში, მიმიკასა და გამოხედვაშიც იგრძნობა.

– მოკლედ, თქვენი ხელოვნება ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებზეა აგებული, სამომავლოდ კიდევ რაიმე უჩვეულო ჩანაფიქრი ხომ არ გაქვთ?

– საერთოდ, ყოველ სამ თვეში იწყება ხოლმე საგნის თუ მოვლენის ახალი გააზრება და მათი ახლებური ინტერპრეტაცია. ჩემი ხელოვნების ერთგულ გულშემატკივარს ვპირდები, რომ მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო ნამუშევარს წარვუდგენ…

თეონა გოგნიაშვილი

ნათია მერაბიშვილი