გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე World of Private Label International Trade Show, 10 ქართული კომპანია: „ნათსჯი“, „კულა“, „არომაპროდაქტი“, „მაისი 2020“, „კამპა“, „ველინგტონი“, „ქარელის ხილი“, „კოოპერატივი რუისპირი – მეღვინეობა იყალთო“, „აჩინებული“ და „გრინ გოლდი“ იყო წარმოდგენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართულმა კომპანიებმა გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს.
როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორების მოძიების და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების კუთხით.
გამოფენაში, რომელიც 20-21 მაისს გაიმართა, მონაწილეობას იღებდა 3,100-ზე მეტი კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.