ქართული რადიომაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას — რადიოარხ „საქართველოს რადიოს“ — არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ავრცელებს.
საქართველოს რადიო 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და ის ერთ-ერთი უძველესი რადიოსადგურია ევროპაში.
„100 წლის წინ, ქართული რადიომაუწყებლობის დაბადება სწორედ პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილისა და მისი გუნდის მიერ შესრულებული „ურმულით“ აღინიშნა.
1935 წელს ეთერით პირველად გაისმა აკაკი წერეთლის ხმა, ეს იყო ეპოქალური მომენტი ქართული რადიოისტორიისთვის.
რადიომ, მნიშვნელოვანწილად, განათლებისა და კულტურის გამავრცელებელი ინსტიტუტის როლი შეითავსა, რადგან საქართველოს რადიოს ეთერით ყოველთვის ისმოდა გამართული ქართული მეტყველება – მაშინაც კი, როცა ქართულ ენას ებრძოდნენ.
ინფორმირება, განათლება და ზოგადად, კულტურის, კონკრეტულად კი – ქართული კულტურის პოპულარიზაცია რადიოს პირველად ფუნქციად იქცა.
საქართველოს რადიომ შეინარჩუნა და განავითარა თავისი დიდი კულტუროლოგიური ტრადიციები და დღესაც ამ ღირებულებებით განაგრძობს არსებობას. ეს ერთადერთი რადიოა, სადაც კვლავ ისმის კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი, თეატრი,
რადიოდადგმები, ქართული და მსოფლიო ლიტერატურული ნაწარმოებები. აქ კვლავ გრძელდება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენების ჩაწერა; ოქროს ფონდი ახალი შედევრებით ივსება; მზადდება სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.