პოლონური წიგნის კუთხე ქუთაისში – ლიტერატურული ხიდი საქართველოსა და პოლონეთს შორის

23 მაისს, 15 საათზე, გამომცემლობა „ინტელექტი“ და პოლონეთის ინსტიტუტი საქართველოში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში პოლონურ წიგნის კუთხეს ხსნიან – სივრცეს, რომელიც საქართველოში პოლონური ლიტერატურისა და ზოგადად, კულტურის გაცნობასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ინფორმაციას გამომცემლობა ინტელექტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიბლიოთეკაში თანამედროვე პოლონელი მწერლების ნაწარმოებები, მათ შორის ნობელიანტი ავტორის, ოლგა ტოკარჩუკის ქართულად თარგმნილი ყველა წიგნი იქნება ხელმისაწვდომი.

პოლონური წიგნის კუთხის გახსნაზე, სპეციალურად მოწვეული ავტორი, პოეტი ნატო ინგოროყვა პოლონურ ლიტერატურაზე, თანამედროვე ტენდენციებსა და კულტურის განვითარებაში ლიტერატურის როლზე ისაუბრებს. ამას გარდა, გამომცემლობა „ინტელექტის” საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა და „ინტელექტის” მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციებსა და უცხოური ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ღონისძიებაზე საზოგადოებას საშუალება ექნება შეხვდეს პოლონური ინსტიტუტის დირექტორ მაგდალინა ვოიდაშევიჩს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია თანამედროვე უცხოენოვანი ლიტერატურა ხელმისაწვდომი გახდეს ახალი თაობისთვის და ლიტერატურის მოყვარული ყველა პირისთვის. გამომცემლობა „ინტელექტი“ პოლონური წიგნის კუთხის გახსნას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.