IMEX FRANKFURT 2025-ზე საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„Imex Frankfurt 2025-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში, საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად.

გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.

Imex Frankfurt 2025-ზე, 3 დღის განმავლობაში, საკონვენციო ბიუროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ 50 საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიისა და ასოციაციის წარმომადგენელთან, სამომავლოდ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.

გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით პრეზენტაციები ტარდება.

Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.