საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი კანის 78-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე (Marche du Film) ქართული პავილიონით მეთვრამეტედ წარდგა.
ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ესპანეთის, შვეიცარიის, შვედეთის, გერმანიის, პორტუგალიის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, სინგაპურის, რუმინეთის, ბულგარეთისა და პოლონეთის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან. საუბრები შეეხებოდა როგორც სამომავლო კოლაბორაციას საქართველოში პროექტების განხორციელების მიზნით, ისე ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობას.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევრიმაჟის დირექტორ სიუზან ნიუმანთან, რომელმაც საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრთან ურთიერთობის განმტკიცების სურვილი გამოთქვა. გაიმართა „ევროპული კინოს პრომოუშენის“ (EFP) წარმომადგენლებთან შეხვედრაც, რომელზედაც განხილულ იქნა მათ მიერ მომზადებულ პროექტებში ქართველი პროდიუსერებისა და რეჟისორების აქტიური მონაწილეობა.
კანის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა „ევროპული კინოს პრომოუშენის“ (EFP) 76-ე გენერალური ასამბლეა. ახალი დირექტორთა საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კინოცენტრის ახალმა დირექტორმა მამუკა ბლიაძემ.
18 მაისს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართულ პავილიონში გაიმართა ქართული მიღება“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.