თავიდან პროფესიით მხატვარმა საქმიანობა ფერადი ფურცლებით აპლიკაციების შექმნითა და მათი ბისერებით გაფორმებით დაიწყო. როცა გადაწყვიტა თავისი ნამუშევრები უფრო დაეხვეწა, ამისთვის მხატვრული დეკორატიული ქსოვის კურსები დაამთავრა. დღეს ირინა ჯინჭარაძის თექაზე ყაისნაღით ნაქსოვ, ბისერებითა და ლენტებით მოქარგულ ნამუშევრებს ყველა ცნობს, რადგან ისინი თავისებური, ორიგინალური ხელწერით გამოირჩევა.
ბოლო დროს, მიმდევრებიც გამოუჩნდა და ეს საქმე ბევრს შეასწავლა და შეაყვარა. ორ მაისს გამოფენაზე, რომელსაც ერქვა „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“ ირინა ჯინჭარაძის მოსწავლებმაც მიიღეს მონაწილეობა და ყურადღებაც მიიქციეს.
– ყველაზე რთული თექაზე მუშაობაა, რადგან მისთვის გაცილებით დიდი დროა საჭირო. თუმცა დიდ შრომას და ყურადღების კონცენტრაციას ყველა მათგანი მოითხოვს. ძალიან მომწონს ლენტებით ქარგვა, როცა აკრილსა და აკვარელს ვიყენებ. მუშაობა მზის შუქზე მიყვარს, რადგან ამ დროს ფერები უფრო ნათლად ჩანს. რაც შეეხება დროს, რთული კომპოზიციის დასასრულებლად სამი კვირაა საჭირო.
– რამის შექმნის ინსპირაცია რა ხდება?
– ინსპირაცია ბუნებისა და ყვავილების სიყვარულია. სურვილი მაქვს, რომ ყველა სახეობის ყვავილი ტილოზე გადმოვიტანო და ამით სიმბოლურად მარადიული გაზაფხული შევქმნა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე დიდი ემოცია დამიტოვა საკუთარმა ნამუშევარმა „გაზაფხული“. ვფიქრობ, ამ ნამუშევარში ბუნების მიმართ ჩემი განსაკუთრებული, გულწრფელი სიყვარული ყველაზე კარგად გამოჩნდა.
– ლენტებით ხატვის ხელოვნებას ბევრი აზიარეთ?
– დიახ, უკვე ბევრი ნიჭიერი მოსწავლე მყავს არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც, რომელთაც ონლაინ ვასწავლი და კარგი შედეგებიც გვაქვს. მახარებს მათი წარმატება. ჩემი ერთ-ერთი კურსდამთავრებული, მაკა ჟორჟოლიანი, მერი შენგელიას სტუდიიდან მხატვართა კავშირში გააწევრიანეს, რამაც ძალიან გამახარა. ლენტებით ქარგვის ხელოვნებას მაკა მე ვაზიარე. „ლენტებით შექმნილი ხელოვნება“- ასე ვუწოდე ჯგუფს, რომელიც სოციალურ ქსელებში შევქმენი. მიხარია, რომ ჩემი ჯგუფი ხელოვნების მოყვარულ ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს.
– სხვა ხელოვანებთან ერთად მუშაობა რამდენად გიწევთ?
– საინტერესო კოლაბორაცია მქონდა მხატვარ მაკა სეხნიაშვილთან, რომელთან ერთადაც სამი ნამუშევარი შევქმენი. ის ნამუშევრები მხატვართა კავშირის გამოფენაზე მქონდა გატანილი და ძალიან მოიწონეს. საერთოდ, მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები ბევრს მოსწონს.
– მხატვრებისთვის გამოფენებში მონაწილეობა ძალიან დიდი სტიმულია…
– გეთანხმებით. სოც. ქსელებში ჯგუფი სახელად „ქართველ ხელმარჯვეთა სივრცე“ შევქმენი და ჩვენ უკვე გვქონდა ორი გამოფენა – მხატვართა კავშირში და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების ხელოვანებმა მიიღეს მონაწილეობა. სულ ახლახან, ჩემმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“. ეს პროექტი მოსწავლეებზე იყო გათვლილი და ამდენად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საზოგადოებამ ბევრი უცნობი, ნიჭიერი ადამიანი გაიცნო.
თეონა გოგნიაშვილი