23 აპრილს, 19 საათზე, „თეატრი სახელოსნო 42“-ში, ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნის „ლომგულების“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნს წარადგენენ: ნინო ხარატიშვილი, მაია ფანჯიკიძე, გვანცა ჯობავა.
„ცხრა წლის ანანდს ცილინდრი ახურავს, ჭერიდან სერპანტინები და ოქროსფერი ქაღალდი აცვივა, ლომი კი მის ბრძანებაზე ცეცხლმოკიდებულ საბურავში ხტება – ოღონდ, სინამდვილეში, პატარა ჯადოქარი დღენიადაგ შრომაშია – პლუშის სათამაშოებს კერავს ბანგლადეშის ერთ ფაბრიკაში. ცირკის ჯადოქრის ოცნება რომ აიხდინოს, ანანდს გეგმა სჭირდება. ამგვარად იწყებს მისი სათამაშო ლომი ფათერაკიან მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. საბოლოოდ ლომი ყველა ბავშვს მოუტანს ბედნიერებას, რადგან ბავშვები ძლიერები და ლომგულები არიან.
„ლომგულები“ საინტერესოდ და გაბედულად ეჭიდება დიდ, გლობალურ თემებს, კრიტიკულად უდგება საზოგადოებრივ პრობლემებს და მომავლის პერსპექტივის შექმნის ბიძგს იძლევა. წიგნის თითოეული სცენა შეიცავს ცვლილების შანსს, მის თითოეულ ფიგურას აქვს განვითარების ძლიერი, ოპტიმისტური ნება“, – მიულჰაიმის საბავშვო პიესების კონკურსის ჟიური.
წიგნისთვის „ლომგულები“, 2021 წელს, ნინო ხარატიშვილს მიულჰაიმის საბავშვო პიესების პრიზი მიენიჭა.