14 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში (ლ. გუდიაშვილის ქ. N5) ქართული დამწერლობის დარბაზი გაიხსნა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული დამწერლობის დარბაზის გახსნის ღონისძიება დედა ენის დღეს მიეძღვნა. ამ დღესთან დაკავშირებით დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული „დედა ენის“ უნიკალური ეგზემპლარები (მათ შორის იაკობ გოგებაშვილის ხელით ჩასწორებული „დედა ენა“) იყო გამოფენილი.
გამოფენის პარალელურად დარბაზში სამგანზომილებიან (3D) ფორმატში წარმოდგენილი იყო ქართული დამწერლობის განვითარების გზა უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე.
ყურადღებას იპყრობდა დარბაზის დიზაინიც. ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული სივრცის იატაკის მოზაიკა ქუთაისის ბაგრატის ტაძრის იატაკის მოზაიკას იმეორებს. დარბაზს ასევე აქვს მოჩუქურთმებული ხის კარი ვახტანგ VI-ისა და ანთიმოზ ივერიელის გამოსახულებებით.
ეროვნული ბიბლიოთეკის ამ ახალ სივრცეში სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები დაიგეგმება.