ეთერში შეკრული კამარა და გაშიფრული ცხოვრება, როგორც მრავალწერტილი

ამბების სიმბოლურად გარითმვა ბავშვობიდან დაიწყო. სტუდენტობის შემდეგ პოეზიის სიყვარული მთარგმნელობითი საქმიანობით დაიკმაყოფილა. შემდეგ გადაინაცვლა საეთერო სივრცეში და კამარა იქაც შეკრა.

მოგვიანებით, ჟურნალისტმა ლალი დათუკიშვილმა თავისი ყველა ცხოვრებისეული ემოცია და შეგრძნება „ჩაიწერა“ და ლექსებად აქცია. ამბობს, რომ მისთვის ნებისმიერ საგანს თუ ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ბევრი ფიქრის შემდეგ კითხვებსაც სვამს და მათზე პასუხს დაუსრულებლად ეძებს. ალბათ ამიტომ დაარქვა თავის კრებულსცხოვრება, როგორც მრავალწერტილი“. სულ ახლახან, მწერალთა სახლში სწორედ ამ კრებულის პრეზენტაცია მოეწყო. მასში ავტორის 105 ორიგინალური ლექსი და 30 თარგმანი შევიდა.

– ლალი, მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ, „რადიო – ცხოვრებამდე“ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდით…

– დიახ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანის კოლეგიასთან ვთანამშრომლობდი და უცხოელი პოეტების ლექსებს ვთარგმნიდი. ჩემს კრებულში იმდროინდელი თარგმანებიც შევიტანე. რაც შეეხება რადიოს, 1984 წელს, მეგობარმა მითხრა, რომ რადიოს ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაში კორესპონდენტები სჭირდებათო და მივედით. პირველივე სიუჟეტიდან, რომელიც რადიოსადგურ “სიჭაბუკისთვის” მოვამზადე, მივხვდი, რომ სახლში ვიყავი. იმ დღიდან რადიოს დიდი ოჯახის წევრი გავხდი, რამდენიმე თვეში კი შტატშიც ამიყვანეს და მთელი შეგნებული ცხოვრება, შეიძლება ითქვას, რადიოში გავატარე. თავიდან, ილია მხეიძესთან ერთად გადაცემას ,,სტუდენტური ორბიტა” ვამზადებდი.

– თქვენს რომელ რადიო გადაცემებს გაიხსენებთ?

– პირველ რიგში, გავიხსენებ გადაცემას, რომელსაც შევარქვით “კამარა“. მაშინ მე და ილიამ მედიასივრცეში პიროვნების თავისუფლებაზე საუბარი დავიწყეთ და საკმაოდ ბევრი მსმენელი გვყავდა. პარალელურად, დავიწყე პირველი რადიოთამაშები, სადაც უამრავი ახალგაზრდა ჩაერთო. ბოლო წლებში საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამა “დილაადრიან” მიმყავდა.

– ვინ არიან რესპონდენტები, რომლებმაც თავი დაგამახსოვრათ?

– წლების მანძილზე იმდენ საინტერესო ადამიანს შევხვდი, რომ მათი ჩამოთვლა გამიჭირდება, თუმცა რამდენიმე მათგანს მაინც გავიხსენებ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა: მედეა ფანიაშვილი, ვახტანგ ბერიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, თემო ჩირგაძე, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, ვაჟა აზარაშვილი და ბევრი სხვა. მათ შორის უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა იყო. ისინი, ვინც ჩემს გარშემო ჯერ კიდევ “სტუდენტური ორბიტის” დროიდან შეიკრიბნენ. მათთან ერთად 1988 წლის ნოემბრის აქციებიდან მოყოლებული ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი ჩართული. ჩვენი გადაცემა სტუდენტებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე საიმედო თავშესაფრად და რუპორად იქცა.

–  მუზას როდის დაუმეგობრდით?

– ლექსებს ბავშვობიდან ვწერ. პირველი “ლექსი” მეორე კლასში დავწერე. ისე მომეწონა ფრაზა “ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო”, რომ მეც რაღაც მსგავსი დავწერე. ვფიქრობ, 14 წლიდან ჩემი ლექსების წაკითხვა უკვე შეიძლებოდა. კრებულში, სხვათა შორის, მოზარდობის დროს დაწერილი რამდენიმე ლექსიც შევიტანე. რადიოში მუშაობის პერიოდში იმდენად ვიყავი დაკავებული, რომ იშვიათად ვწერდი, თუმცა ბოლო წლებში ლექსი ჩემი ნაფიქრის გამოხატულებად იქცა და ახლა საკმაოდ ბევრს ვწერ.  ამ ლექსს ჰქვია                        „სიზმარი“.

ბევრი ვირბინე ვიწრო ქუჩებში,

იქ გამჭვირვალე იყო ყოველი,

ახლაც დამყვება მინის აჩრდილი,

განცდა, სიზმრიდან გამოყოლილი.

ძილმა წაიღო მთელი ქალაქი,

მე კი მგონია, შიშველი ხე ვარ,

ქარი გარს მივლის და თავს ვერ ვაღწევ

დაბადებიდან აყოლილ მდევარს.

ენა ზედმეტი ბარგია ზოგჯერ,

ამბავი თვითონ მოგაწვდის ნიშანს,

კბილებით იჭერ სათქმელს და იცი,

მოთმენა ხშირად გაძლებას ნიშნავს.

– თქვენს ლექსებს ცოტა არ იყოს, ფილოსოფიური ელფერი აქვს, რადგან მასში ბევრი მარადიული, პასუხგაუცემელი კითხვაა…

– გეთანხმებით. ვფიქრობ, ჩემი ლექსები, ძირითადად, ფილოსოფიური ლირიკაა. ბავშვობიდან ადამიანის, სამყაროს შეცნობით ვიყავი გატაცებული. ჩემთვის ჩვეულებრივი არაფერია – ნებისმიერ საგანს თუ ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვაანალიზებ ყველაფერს და ვსვამ კითხვებს: რატომ? როგორ?.. ახლობლები მეუბნებიან მეტისმეტად ბევრს ფიქრობო და ლექსებშიც სწორედ ეს კითხვები თუ ნაფიქრი დასკვნები  გადმომაქვს…

 ქვიშის საათის ჯიუტ ხსოვნაში

 ბევრი ფიქრია ჩამოწრეტილი

 და დაფანტული ქვიშის მარცვლებად

 ცხოვრება, როგორც მრავალწერტილი……

 თუ გზებზე ისევ დადიხარ უხმოდ,

  ფრთებჩამოყრილი და გაცრეცილი,

  თუ ვეღარ უძლებ ძახილის ნიშნებს,

  შეგრჩება მხოლოდ მრავალწერტილი……

  ქარს მიაქვს ხსოვნას შემორჩენილი

  ფრაზები ტკბილი და გაცვეთილი

  და გეღიმება, გაშიფრე რადგან

  ცხოვრება, როგორც მრავალწერტილი…

– როგორ ჩაიარა თქვენი კრებულის პრეზენტაციამ მწერალთა სახლში?

– პრეზენტაციაზე მოვიწვიე ადამიანები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩემთვის ძვირფასი გახდნენ და თავისი კვალი დატოვეს. ძალიან მიყვარს გამოთქმა “წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”. კრებულის წარდგენაზე მოწვეულ სტუმრებს სწორედ ასე მივმართე: თქვენ ხართ სწორედ ის „ქვიშა“, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დარჩა მეთქი. მართლაც, იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც არ სჭირდებოდა ახსნა, თუ რა და რატომ, ამიტომ, ძალიან სასიამოვნო და თბილი საღამო გამოვიდა. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი ავადმყოფობის გამო ვერ მოვიდა, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ისინიც “ქვიშაში” მოიაზრებიან. ესეც ჩემი მორიგი ლექსი:

ფიქრებს სჩვევიათ გაქცევა,

ვარდისფერ ნისლში ცურავენ,

ზღვებსა და მთებს გადავლენ და

დაბრუნდებიან უმალვე.

დღედაღამ ვცდილობ გარკვევას,

და ეს არ არის ადვილი, –

ცხოვრება მგზავრობაა, თუ

დანიშნულების ადგილი…

– პოეზიის გარდა რა გაბედნიერებთ?

– პოეზიის გარდა კიდევ ბევრი გატაცება მაქვს, მაგალითად, მუსიკის გარეშე ვერ ვძლებ, აღარაფერს ვამბობ წიგნებსა და ფილმებზე. ბევრს დავდივარ ფეხით, მიყვარს ბუნების პატარ-პატარა სილამაზეების აღმოჩენა და მათი დაფიქსირება. მოკლედ, გარდა ჩემი შვილისა, შვილიშვილებისა და ძვირფასი ადამიანებისა, კიდევ ბევრი რამაა, რითაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. დღემდე ვთვლი, რომ ადამიანს ფრენა შეუძლია და ბოლოს, იმედია, არ თვლით, რომ თავი პოეტი მგონია!..

– მიუხედავად ამისა, საუბარი თქვენი კიდევ ერთი კარგი ლექსით დავასრულოთ…

 მთელი ცხოვრება

აზრებს ვალაგებ,

მაგრამ ის მაინც,

სუსტი ნერვივით

სულ აწეწილია.

მინდა, მესმოდეს,

სამყაროში რას წარმოვადგენ,

სადაც დედამიწაც კი,

               ერთი პატარა

                            სველი წერტილია!…

თეონა გოგნიაშვილი

ლალი დათუკიშვილი