საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ზუგდიდის, დმანისის, სამტრედიისა და ფოთის თეატრებმა მონაწილეობა მიიღეს ინდურ-ქართული კულტურის ფესტივალში, რომელიც გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმადაბადში, სვარნიმის უნივერსიტეტში გაიმართა.
ფესტივალზე ქართულმა თეატრებმა წარმოადგინეს ხუთი სპექტაკლი და ინდოელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ორდღიანი ფესტივალი ქართულ-ინდური ორგანიზაციის „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ ინიციატივით ჩატარდა. ორგანიზაცია 2020 წლიდან აქტიურად უწყობს ხელს ინდოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მისი მიზანია ორ ქვეყანას შორის ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში არსებული კავშირების განმტკიცება და განვითარება.
ქართულ-ინდური ორგანიზაციის „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ თავმჯდომარე დარპან პრაშერმა ისაუბრა საქართველოსა და ინდოეთის კულტურულ მსგავსებაზე, ტრადიციებზე, ხელოვნების სფეროებში თანამშრომლობასა და ისტორიულ კავშირებზე. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.